პირველი თოვლი
48, Tbilisi, Georgia

პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.


ვალერიან გაფრინდაშვილი

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes