გახუნებული, ნაცრისფერი მორალის მტვერი,
სიბრძნის მორევი ტალახიდან ამოსვლას ლამობს,
თავდადებული სიცოცხლისთვის - სიკვდილის მტერი,
პეპელას ფრთებით ებრძოლება კისრამდე ჭაობს.
მჭევრმეტყველება ენას იგლეჯს - სჭირდება ნემსი,
დამპალი ძაფით, ჩამოხეულ იალქნებს ლამბავს,
პრომეთეს ლოცავს ბებერი და ცალთვალა ზევსი,
სანთელს გპირდება მოგაწოდებს ცარიელ შანდალს,
დამპალი ძაფით შეკერილი გემის აფრები
ქარს რომც გაუძლოს - გადაამტვრევს ბალახის ანძებს,
ყრუმუნჯ კედელზე დახატული ღია სარკმელი
იმედს იძლევა: გავიყვანო ნაპირზე ამ გემს,
ბედნიერია გემზე ყველა, ვთქვათ, ერთი სიტყვით,
მაგრამ ვინც იცის თვალები რომ სარკეა სულის,
ძველისძველ მორალს ჩახედავს და ეგრევე იტყვის:
გემი სავსეა ტალახის და ჭაობის სუნით.
Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!