........................................
35, Tbilisi, Georgia

ცუდ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა რამე დამეწერა. რამე ისეთი, ტრაგიკული, დეპრესიული, გულის ყველაზე ბნელ და მიუვალ კუთხეებში რომ ჩააღწევს და სულის ტკივილი სისხლს გაგიყინავს ძარღვებში. მინდოდა დამეწერა, მერე წამეკითხა და საკუთარ ნაწერზე გემრიელად მეტირა. იმიტომ კი არა, რომ მტირალა ვარ, არა კი ვარ. ტირილი ხანდახან კარგია, ეს ნიშნავს რომ რაღაცას ვგრძნობ. ვიჯექი დღიურით ხელში ჩემი საყვარელი ოთახის ჩემს საყვარელ აივანზე ჩემს საყვარელ სავარძელში ჩემს საყვარელ მოაჯირზე ფეხებშემოლაგებული, ჩემი საყვარელი სიმღერით, ჩემი საყვარელი მთვარის შუქზე, ჩემი სამყაროდან მოქროლილი ნიავით თავბრუდახვეული და ვწერდი და ვშლიდი, ვწერდი და ვშლიდი. ვერ ვიტირე. ჩვენ ყველანი ვუყურებთ ცხოვრებას ზუსტად ისეთს როგორიც არის, მშვენიერი და საზარელი, კარგი და ცუდი, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე დამპალი, ფერადი და შავით დაბურული, ვუყურებთ და ვეკითხებით საკუთარ თავს, ღირს კი? ზოგჯერ ბედნიერებისგან გაბრუებულები ცუდს ვეღარ ვხედავთ. უფრო ხშირად, საკუთარ ნაირევებით მოხატულ სულში ვიხედებით და როცა ტკივილის ფერებს ვხედავთ, ვგრძნობთ როგორ გვერევა პროტესტი და უპასუხო „რატომ?“. ვიცით, რომ შეიძლება ხვალ აღარ იყოს, ხვალ კი არა, შემდეგი წუთი შეიძლება აღარ იყოს, ეს ვიცით და მაინც ისე ვცხოვრობთ თითქოს უკვდავები ვართ. ვუშვებთ უაზრო, გამოუსწორებელ შეცდომებს, მერე ვსხედვართ და ვნანობთ, თავიდან ვიმეორებთ იგივე შეცდომებს და მერე უფრო მეტად გვტკივა დაფლეთილი სული. არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ იმიტომ რომ გვგონია სულ გვექნება დრო. დრო, რომელიც ყველაზე სწრაფად თავდება. გვეშინია და იმის ნაცვლად, რომ ვიბრძოლოთ, თვალებს ვხუჭავთ, იმიტომ კი არა, რომ სიმამაცე არ გვყოფნის, გაქცევა უფრო გვეადვილება. გვინდა რაღაც ვთქვათ და ვერ ვამბობთ, იმიტომ არა, რომ საკმარისად არ გვინდა თქმა, იმიტომ რომ სიმშვიდე რამემ არ დაგვირღვიოს. რაღაც გვინდა და არ ვიღებთ, იმიტომ რომ გვეზარება ის სირთულეები, რომლებიც გზაში უნდა შეგვხვდეს. გავურბივართ პასუხისმგებლობებს, იმიტომ კი არა რომ უპასუხისმგებლოები ვართ, უბრალოდ იმიტომ რომ სიმამაცე არ გვყოფნის ზურგზე ავიკიდოთ ისინი. გულს ვტკენთ და არ ვცდილობთ გამოსწორებას, იმიტომ არა, რომ არ გვინდა გამოსწორება, სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას. ვუშვებთ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ თვალებში ვარსკვლავებად ვხედავთ საკუთარ თავებს და კაშკაში გვაშინებს, ვუშვებთ და მერე ვნანობთ. ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორია იყო იდეალური და ყველაზე შორს ვართ ჩვენივე აზრებისგან. არასრულყოფილების სრულყოფილი ნიმუშები ვართ. ადამიანები. მაინც ვერ ვიტირე. ვერ ვიტირე. იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად გამართლებულია ჩვენი არსებობა. იმიტომ რომ იდეალურად არასრულყოფილები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით სიცოცხლეს.

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes