silajvarde anu vardi silashi
34, Tbilisi, Georgia

 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში 

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! 
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, 
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 
და შორეული ცის სილაჟვარდე. 

შემოიღამებს მთის ნაპრალები, 
და თუ როგორმე ისევ გათენდა - 
ღამენათევი და ნამთვრალევი, 
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან! 

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი 
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! 
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის 
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! 

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები 
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - 
ღამენათევი და ნამთვრალევი 
სავსეა ცრემლთა შურისძიებით! 

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? 
შენს მოლოდინში ასეა ყველა? 
სული, ვედრებით განაოცები 
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა. 

სად არის ჩემთვის სამაგიერო? 
საბედნიერო სად არის სული? 
ვით სამოთხიდან ალიგიერი 
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული! 

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე 
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება, 
განსასვენებელ ზიარებაზე 
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება! 

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით 
გამაქანებენ სწრაფი ცხენები! 
ღამენათევი და ნამთვრალევი 
ჩემს სამარეში ჩავესვენები. 

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! 
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, 
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 
და შორეული ცის სილაჟვარდე. 

25 views
 
Comments
alexXx 04.06.2009

mikvars galakioni gaixaret madloba rom daaaaatvalieret chemi blogebi da shemifaset

gio2121 17.05.2009

*THUMBS UP*

esmako 17.05.2009

dzaan magariaaaaaaa

Blog
Blogs are being updated every 5 minutes