მანოლა
48, Tbilisi, Georgia

შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?

იოსებ გრიშაშვილი

5 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes