Beqza's blog

Beqza
44, Tbilisi, Georgia

ისე რა – მიყვარდი, გიყვარდი – ისე რა...

არ იყო ჩვენს შორის რაიმე საბაბი,
რომელიც სიმძაფრეს, სიყვარულს მისცემდა:
გაქარვდი და ჩუმად... და ჩუმად გავქარვდი...

ასეა მუდმივად, მუდმივად ასეა...
სხვადასხვა საბაბის გვიჭირავს ალიბი,
რომ გული (მართლაც და) არაფრით სავსეა:
განივთდი ჩემთვის და შენთვისაც გავნივთდი...

რაც იყო – იყო რა... იყო რა – რაც იყო...
ერთ სანთლად (ნამდვილად!) ღირდა ეს სპექტაკლი.
ახლიდან? – არა ღირს! ან რაღად დავიწყოთ?..
შენ ჩაქრი – ჩემს ცაზე, შენს ცაზე – მე ჩავქრი.


დედა, ყოველთვის ტირი, სულ – როცა რეკავ – დარდობ...
ასე მამწუხრებ მეც და... ყელში გროვდება რაღაც...
დედა, ყოველთვის ტირი, სულ – როცა რეკავ – დარდობ...
ნუ ნაღვლიანობ ასე! კარგად ვარ! არა მიჭირს.
განა წუხილმა – მსგავსმა – ოდესმე, ვის რა არგო?
მე ცოცხალი ვარ! – მრთელი! და შენც იყავი ლაღად!
განა წუხილმა – მსგავსმა – ოდესმე, ვის რა არგო?
და მერე რა, რომ ასე (თითქოს) შორსა გყავს ბიჭი?..



მხოლოდ ერთიღა დამრჩა ხალისად:
ოთხთითით სტვენა – ლხენა თავის წილ.
რადგან ჭორებმა კვალი დანისლა,
რომ ვარ გარყვნილი და სკანდალისტი.

ჰა! ესეც მარცხი! – სიცილით მეთქმის!..
ცხოვრების გზაზე, რას აღარ ნახავ...
მრცხვენია, რადგან მჯეროდა ღმერთის.
მტანჯავს ის, რომ მე არ მჯერა ახლა.

ოქროს ველებო, შორგზით დაგმალეთ!
გწვავთ ჩახუთული, ყოფითი ხვატი.
ჰო – ვიგარყვნილე, ჰო – ვისკანდალე,
რომ მეკაშკაშა – შემეძლო რაცკი.

პოეტის შნოა – ალერსი, სიტყვ–ქმნა,
საბედისწერო ბეჭედი ადევს.
შავი გომბეშოს თეთრ ვარდზე მიბმა,
ჯვრისწერით მსურდა დედამიწაზე.

თუნდ არ დანებდნენ, გზას სდიეს უგნებს,
ვარდისფერ დღეთა გეგმებმა მაშინ.
სულში თუ ჰქონდათ ეშმაკებს ბუდე –
მაშ ანგელოზნიც ცხოვრობდნენ მასში.

ამ მხიარული ბუნდოვანებით,
უცხო ქვეყნისკენ რომ დავიძრები,
მსურს, ბოლო წუთში (მსგავსად ანდერძის)
გთხოვოთ, ვინც ამ ჟამს ჩემთან იქნებით, –

ჩემი ცოდვების სიმძიმის გამო
ღვთის მადლის რწმენის აღარსად მქონელს,
ძველი…




გაუტეხელო ტკივილო - ა ვ ე!
იშრობ მეფის მკვდარ, ნაცრისფერ თვალებს...

შემოდგომის მწუხრს ხუთავდა სიცხე,
შინ მოსულ ქმარმა თქვა (ისე, არც ვკითხე):

"ნადირობისას, იცი? უნახავთ,
შინ მოასვენეს - მკვდარი მუხასთან.

დედოფალს ვდარდობ. სულ ახალგაზრდა!..
ერთ ღამეში მთლად გაჭაღარავდა".

მისი ჩიბუხი ბუხარზე ჰპოვა
და ღამის ცვლაში შეუდგა შრომას.

მეც გავაღვიძებ ჩემს გოგოს, რადგან,
ნაცრისფერ თვალებს ჩავხედო ამღამ.

ფანჯრის მიღმა კი, ალვები თრთიან:
"არა გყავს მეფე მიწაზე მთლიან..."



უფალო, დროა. ამ ზაფხულს - დღეგრძელს;
მზის საათს, ჩრდილის აფარე კალთა,
მიუშვი ქართა კოჰორტა ველებს.

ძღვნად მიეც ნაყოფთ ორიოდ დღე მზის -
სამხრეთული მზე ეახლოს თვითონ
და ამ სიმწიფით მოკრებილ სიტკბოს
საწნახელისკენ მიეცი გეზი.

უბინაო სახლს აიგებს აღარ.
რჩება ასევე, მარტო ვინც არის:
წერილს მიიღებს, თავის გაგზავნილს,
უმისამართოდ ივლის კვლავ ღამ-ღამ,
სადაც ხმელ-ხმელი ფოთლები ბარდნის.



კვლავ ცოცხალი ხარ ჩემო ბებერო?
მეც ვცოცხლობ ასე... მოკითხვას გითვლი!
დე! ლაჟვარდები, შენს ქოხს ეფერონ,
იმ საღამოსფრად... – მოგიხსნან ტვირთი.

მწერენ, რომ დარდობ, დარდს კი, არ ამხელ...
და რომ მნატრულობ ხშირად უფრორე,
რომ ისევ იცვამ იმ ძველ ტანსაცმელს
და გზას გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?..".

ლურჯ სიმწუხრეში – საღამო ხანს კი,
ერთი ფიქრით ხარ სულ გარინდული:
თითქოს დუქანში, დამთვრალმა არყით,
მკერდში მატაკა დანა ფინური.

არაფერია! დამშვიდდი დედა
და ნუ აჰყვებით უაზრო ბოდვებს.
არც ისე შტერი ვარ, ჩემდა ბედად:
შენს უნახავად, ავდგე და მოვკვდე.

კვლავინდებურად ნაზი ვარ ისევ,
მხოლოდ და მხოლოდ ვინატრი იმას,
რომ ამ სევდის და შფოთის კულისებს,
მანდ გამოვექცე – დაგადგე მძინარს.

მე დავბრუნდები, როს გაშლილ ტოტებს –
გაზაფხულისას – ქარი გაწიწკნის.
გამთენიისას – ოღონდ იცოდე! –
ნუ გამაღვიძებ – როგორც რვა…


ვაბანკზე გვიდევს სასრული ციკლის,

სარგო–სახლკარს – გვწამს, რომ გააორებს...
გვჯერა: შედეგებს, უფალიც იმკის,
იმკის გარდაცვლილ უსახლკაროებს.

იმასაც ვფიქრობთ, – მეორე მხრივ კი:
არაფერს იმკის, უფალი ეგებ;
არ ჰხვდება იმათ, ვინც მისკენ ილტვის,
– ვინც იმედობს რომ აღსდგება შემდეგ...

სასრულზე ფიქრი, ზეობს ორმაგად,
როცა სიკვილი, იმის შიშია,
რომ ეს სხეული გვაქვს სუროგატად,
სადაც ჯერ ქრისტე არ შეგვიშვია.







შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე!
ჩრდილოელი ვარ, ალბათ ამიტომ...
მზად ვარ მოგიყვე ველზე ნატალღებ,
სავსემთვარიან ჭვავის ყანაზე.
შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე,

ჩრდილოელი ვარ, ალბათ ამიტომ...
რადგან დიდია მთვარე – იქ – ასგზის
და შირაზს, რა გინდ ერქვას ლამაზი,
რიაზანის ველებს მაინც ვერ ჯაბნის.
ჩრდილოელი ვარ, ალბათ ამიტომ,

მზად ვარ მოგიყვე ველზე ნატალღებ,
ეს თმაც – ჭვავისა – ჩემს ხელთ ნაპყარი,
თუ გსურს, განასკვე თითზე ნაწნავით –
ტკივილს არ ვიგრძნობ, არ გამაწამებ.
მზად ვარ მოგიყვე ველზე ნატალღებ,

სავსემთვარიან ჭვავის ყანაზე,
ჩემს ხუჭუჭა თმით, მიხვდები, ვიცი.
იხუმრე ჩემო, ნუ შესწყვეტ სიცილს,
ოღონდ ფიქრს ჩემში ნუღარ აღაგზნებ –
სავსემთვარიან ჭვავის ყანაზე.

შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე!
იქ, ჩრდილოეთშიც, არის გოგონა,
ვერც წარმოიდგენ, იცი როგორ გგავს?..
იქნებ ის ფიქრობს, ჩემზე აქამდე...
შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე.



ყველა ჩემს ლექსში მონახავ ადგილს,
ხან ჯებირს იქით, ხანაც აქედან.
ამ ბარიკადებს სიმშვიდე დაცლის
და ლექსად თქმულიც ასე ახდება!

როცა ვარსკვლავებს ამოკრეფავენ
სამყაროს დიდი ლოტოტრონიდან,
სულ აგვიხდება მაშინ მე და შენ,
რაც კი, ამ ქვეყნად არ გამოვიდა.



დღეგრძელ ხარ, ჩემო სამშობლოვ,
სახლებით – კუნკულ–ბარტყულა...
არც ნაპირს ნახავ, არც ბოლოს –
თვალებში ლურჯ ცად ჩაკრულხარ.

ვით პილიგრიმი – სხვა ქვეყნის,
შენს მინდორ–ველებს გავყურებ.
სოფელსაც, მსგავსი გზა ერთვის,
ზარს რეკს თავთავი საპურედ.

ვაშლ–თაფლიერში საკმეველს,
ტაძრად სუნი სდის სამადლო.
გუგუნით ველ–რთველს აჯერებს,
ხალხი სულღრეობს და ლაღობს.

ოდეს თელილი გარბენით –
სიმწვანე – უხვ–გასაოცი.
ვით "სერიოჟკას" – დამხვედრი
გოგოს ხმა კისკის გამოსცრის.

თუ მეტყვის წმინდანთა არმია:
"ზეცა, მთელ რუსეთს ანაცვლე!"
ვიტყვი: "მე ზეცა არ მინდა,
ჩემი სამშობლო მაკმარეთ."


Blog
Blogs are being updated every 5 minutes